Shenentho: მრეტი საქართველოს პრეზიდენტობისთვის - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

მრეტი საქართველოს პრეზიდენტობისთვის არჩევნები-2004

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 16 March 2007 - 11:16 PM

ვაჟა მრეტი ჩხაიძე
სამპარლამენტოვანი სახელმწიფო
საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენდენტის სიტყვა
არჩევნები-2004


თბილისი, 2003 წლის 9 დეკემბერი

საპრეზიდენტო პროგრამის, "სამპარლამენტოვანი სახელმწიფოს" პრეზენტაცია გაიმართა 3 დეკემბერს.
სიტყვა, მცირედ განსხვავებული ვერსიების სახით, 9 დეკემბერს ჩაბარდა პრესას და ტელევიზიას, მაგრამ მიაჩუმათეს.
მომდევნო დღეებში ნაბეჭდი ფურცლების სახით გაავრცელეს მხარდამჭერებმა.
საიტზე ქვეყნდება პირველად, ვერსიებთან შეჯერებული სახით.


პიროფლიანო მამულიშვილო!
მრავალფერი, ძირძველი ქართული კულტურის წილო!
რომელმან კაცთმოყვარებით, ერთმოყვარებით, სტუმართმოყვარებით, ხარებითა და ჭირთათმენით, ღვთაებრივ-სულიერისაგან განუკერძოებლად შექმენი ამ კულტურით ნაფერი, ბრწყინვალე არისტოკრატიულ-ცენტრალიზებული სახელმწიფო — ღვთისმიერ ხელმწიფეში განსხეულებული ერი!

და რომელმან, სამწუხაროდ, მხოლოდ გაკუჭებით აიტაცე ფრანგული რევოლუციის დევიზი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა!
და ვერ გაითავისე, ვერ ჩასწვდი, ვერ გაიცნობიერე, აზრის სინათლით ვერ გაინათე ეს გასაოცარი ინსტინქტური დევიზი!
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე ხუთი ე.წ. პოლიტიკური რევოლუცია მოახდინე, არა-თუ სახელმწიფო ვერ ააშენე, — გარედანაც "გეხმარებიან" — არამედ ერთი ქვაც ვერ ჩადე ახალი ქართული სახელმწიფოს საძირკველში!
და ქართველი ერი "ვერშემდგარად" გამოაცხადეს!

ასე მწარედ აგიხდა შენივე ანდაზა: "თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასა!"
შენი ვაზი დღესაც უცხო ქვეყნის მწარეზე დგას!
შენი მაჭარი ქვევრის ნაცვლად მუხის კასრში დუღს და ძველდება!
შენი პური ვეღარც ძველდება!
და ვეღარ ამბობ: "ძველი პური, ძველი ღვინო და ძველი მეგობარი"!
სტუმარს პურღვინის ნაცვლად პურმარილზე, ხლებსოლზე ეპატიჟები!
მიწის კაცად ხმობილი ღრუბლის კაცად იქეცი მრავალსართულიან კორპუსებში!
უნიფიცირებული, გაერთგვაროვნებული წერა-კითხვის მცოდნე სიცოცხლის იდუმალებას, მისს სუნთქვას და მაჯისცემას ვეღარ გრძნობ!
და გოლის შეგდების ნაცვლად ბურთს კენწლავ შენთვის!

დადგა დრო, ითქვას: ღვთაებრივისგან განკერძოებელი, უნიფიცირებული, ერთფეროვანი, მკვდარი ცნობიერება ვერასდროს შობს მრავალფეროვან, ცოცხალ სახელმწიფოს!
მართალია დღეს სახელმწიფოთა უმრავლესობა "ერთ თარგზეა მოჭრილი" — ლიბერალურ-დემოკრატიულია, ხოლო საქართველოს ხელისუფალთ, მათივე სიტყვით, სწორედ აქეთკენ უჭირავთ გეზი, მაგრამ მმართველობის ამ უნიფიცირებულ ფორმას არა მხოლოდ გარედან, შიგნიდანაც აქვს დაუძლეველი პრობლემები, რადგან იგი სამოთხის აშენებას მიწაზე ცდილობს!
თანაც, კაცობრიობის განვითარების დღევანდელობას, მით უფრო მართლმადიდებელი ქრისტეანული კულტურის მემკვიდრე ხალხს, აღარ შეეფერება ერთ კაცში განსხეულება — კონსტიტუციური მონარქი თუ პრეზიდენტი, როგორც მეფის რუდიმენტი!

დღეს ხალხი მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებასა და შესაფერ სახელმწიფოში უნდა განსხეულდეს!
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს!
არაერთგზის მითქვამს საჯაროდ: დადგა ჯგუფური შემოქმედების, და არა მოქმედების, დრო!
ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს აღარ ეყოლება პრეზიდენტი!
და არც უნიფიცირებული ერთპალატიანი, თუნდაც ორპალატიანი პარლამენტი იარსებებს, შესაბამისი ფრაქციებითა თუ პოლიტიკური პარტიებით!
პოლიტპარტიები უნიფიცირებული საზოგადოების შედეგია, პრივილეგირებული კლასის რუდიმენტია და საზოგადოების დეუნიფიკაციის პარალელურად დაკარგავს თავის ფუნქციას!

კულტურისათვის საერთოდ, და მით უფრო ქართული კულტურისთვის, მიუღებელია ნებისმიერი უცხოცენტრიზმი, თუნდაც ევროცენტრიზმი!
საქართველო ხიდია და უცხოცენტრიზმი დაანგრევს აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის მფეთქავ ქართულ რიტმს!
დიახ, შენ ვერც დასავლურ-გეომეტრიული ჩუქურთმა თუ პოლიტიკური რევოლუციები და ვერც აღმოსავლურ-მცენარეული ჩუქურთმა თუ ეკონომიკური რევოლუციები მოგიტანს ბედნიერებას!
შენ მხოლოდ უცხოთაგან "ქართულ წნულად" ხმობილი, უძველეს ტაძრებზე ამღერებული ვაზის ჩუქურთმა მოგანიჭებს სიხარულს!
"ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს" — ასე იტყვის, ბოლოს, გალაკტიონი.
"ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა" — ბრძანებს რუსთველი.
"მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება" — ესეც რუსთველია.
"მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა" — ესეც.

დიახ, შენ მხოლოდ კულტურა-პოლიტიკა-ეკონომიკის სამხმოვანებით ააშენებ სრულიად ახალ, ღვთაებრივ-სულიერთან თანხმოვანებაში მყოფ მრავალფეროვან ქართულ სახელმწიფოს!
და შენს კულტურაზე დაუნჯებულს ვერას დაგაკლებს გარე ნება!
საგარეო პოლიტიკასაც არა ალტერნატიულ ძალთა ბალანსირების პრინციპზე, არამედ ქართული სამხმოვანებით გააწყობ!
დამოუკიდებელი, ერთიანი, განუყოფელი, ვითარცა კვართი უკერველი, დეცენტრალიზებული სახელმწიფო, ბრილიანტის დაწახნაგებით — დეუნიფიცირებული, მრავალფეროვანი საზოგადოებით!

ლიბერალურ-დემოკრატიულ-სოციალისტური საპარლამენტო ფედერაციული რესპუბლიკა, ფედერალური სუბიექტებისა და რესპუბლიკის ჰორიზონტალურად სამწევროვანი პარლამენტებით — კულტურა-პოლიტიკა-ეკონომიკა, სადაც დეპუტატები აირჩევიან პროფესიების შესაბამისი საზოგადოებების, კავშირების შიდა არჩევნებით, ხოლო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე აირჩევა ფედერალური სუბიექტების დეპუტატებიდან როტაციის წესით.
ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, აჭარა და აფხაზეთი, სვანეთი, და ხვანჭკარა :rolleyes: ... ერთიანი საქართველო!

მაგრამ ფრთხილად, შენთან მოვა თავადი ამა სოფლისა და ეცდება, ამავე სიტყვებით გითხრას ყოველივე ეს.
ჩემი "საპრეზიდენტო პროგრამის საფუძვლების" პრეზენტაციის შემდეგ ქართულ ტელევიზიაში უკვე გამოჩნდნენ ამ ენაზე მოლაპარაკე მისი დესპანები!
ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მწვავე ბრძოლა წამოვიწყე ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოდან გაძევებული კულტურისთვის!
ნათქვამია: "როცა ორი ერთსა და იმავეს ამბობს, ეს მუდამ არაა ერთი და იგივე"!
ხმას უნდა უსმინო გულისყურით, ხმა ამხელს ამა სოფლის თავადს!

სიფრთხილე იმ მხრივაც გმართებს, რომ უნებლიედ არ გახდე რეპრესიების მიზნით წარსულში ჩხრეკის მონაწილე!
მომავალში კი მთელი შენი ნიჭი და ძალისხმევა უნდა მიმართო მამაცი, მოუსყიდველი, კანონის დამცველი "სახელმწიფო-საჯარო ტიპის" ადამიანების გამოვლენა-ჩამოყალიბებისთვის!
მომავლის სამწევროვან პარლამენტში უნდა დადგეს მათი პრივილეგიების საკითხი, მაგრამ საარჩევნო ხმის ნებაყოფლობითი დათმობის პირობით, რათა ისინი დამოკიდებულნი არ იყვნენ ხელისუფლებაში მოსულ პირებზე და მთელი ცხოვრება მხოლოდ სამართლებრივ სახელმწიფოს მსახურებდნენ!

საბჭოურმა თუ პოსტსაბჭოურმა სახელმწიფო მაფიამ საზოგადოებისაგან უჩინარჰყო ამ სიტყვების ავტორი, ვისაც 20 წელია იმისთვის დევნიან, რომ იგი პიროვნული "თავისუფლების", სამართლებრივი "თანასწორობის" და სოციალური "ძმობის" დინამიურად ჰარმონიული, კალოკაგათიური თანხმიანობის დასამკვიდრებლად იბრძვის; ვისაც ქართულ ფეხბურთში მოტანილი სახელისა და მილიონების პასუხად, მილიონები წაართვეს და კლუბი გაუნადგურეს — საქმე დღესაც სასამართლოშია; ვინც 1985 წლიდან იბრძვის სამოქალაქო კულტურის, კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებისთვის; ვის კალამსაც ეკუთვნის ათეულობით პუბლიკაცია და წიგნები უნიფიკაციის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია; ვისაც, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ლეგიტიმურ კანდიდატს, წაართვეს უმთავრესი უფლება ანუ კანონიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლება — ეს საქმეც სასამართლოსა და პროკურატურაშია; ვინც დღესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის პრეტენდენტი, მოკლებულია ერთი-ერთზე ფორმატის პირდაპირ ეთერს და ვისთვისაც გაზეთების კარი, ფაქტიურად, დახშულია...

გასულ წელს "ტვ ევრიკაზე" ჩემი გამოსვლის შემდეგ სპორტული გადაცემა დროებით დახურეს კიდეც!
სამაგიეროდ, ქართულ ტელეარხებზე ყოველდღიურად მიდის ერთი და იმავე სახეების "კარუსელი", სადაც ყველა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველაფერზე მსჯელობს დემოკრატიის სახელით, თუმცა, დემოკრატია თანასწორობას ნიშნავს კანონთან მიმართებაში, და არა კულტურასთან ან ეკონომიკასთან მიმართებაში, ხოლო სამართლებრივ სივრცეში პიროვნული შეხედულებების, წარმოდგენების ადგილი არ არის!
სწორედ ესაა უნიფიკაცია, გაერთფეროვნება, გაერთგვაროვნება, რის შედეგებსაც შენი გამოისობით, პიროფლიანო მამულიშვილო, იმკის დღეს ქართველი ხალხი!

დიახ, შენ უნდა გაიცნობიერო, რომ ერთი სიტყვა — "დემოკრატია" — ვერასდროს დაიტევს მას, რაც ინსტინქტური ინტელიგენსის სამი სიტყვით — "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" — დაიბადა დედამიწაზე; რომ თანამედროვე ლიბერალ-დემოკრატიული სახელმწიფო, იგივე უნივერსალური და ერთგვაროვანი სახელმწიფო, იგივე უნიფიცირებული დემოკრატიული სახელმწიფო, ვერასდროს იქნება იდენტიფიკაციურად დამაკმაყოფილებელი გარემო პიროვნული თავისუფლებისთვის, მოქალაქეობრივი თანასწორობისთვის, სოციალური ძმობისთვის; რომ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე ვერასდროს დაიბადება მრავალფეროვანი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო, ვიდრე მათი საყრდენი იქნება აბსურდულად ყოვლისმომცველი, განუხორციელებელი "თანასწორობა" — კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, "საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში", ხოლო კულტურა და ეკონომიკა სახელმწიფო ხელისუფლების გაერეთ იქნება გატანილი-გათელილი — კონსტიტუციის 34-ე და 30-ე მუხლის თანახმად, თურმე, კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაზე ვალდებულებას კისრულობს ბონოპარტისტულ-უნიფიცირებული პოლიტიკა-სახელმწიფო!

დიახ, სწორედ ასეა, პიროფლიანო მამულიშვილო, და შენ უნდა გაიდასაბამო ყოველივე ეს, რადგან დღეს შენ პიროვნება და ეროვნება "მოგპარეს"!
სანაცვლოდ კი, ლიბერალ-დემოკრატიის თამაში შემოგაჩეჩეს ხელთ, რადგან ლიბერალ-დემოკრატია თავის წიაღში, ანგლო-ამერიკულ ცივილიზაციაში პიროვნების თანდაყოლილი, გენეტიკური მოთხოვნილებაა, ხოლო მის გაერეთ — მხოლოდ უნიჭო თამაში!
ამიტომაც ძირკვავენ კულტურას, როგორც ხელის შემშლელ ძალას, მთელს მსოფლიოში!
და რაც მთავარია, ამას სწორედ შენი საშუალებით აკეთებენ, პიროფლიანო მამულიშვილო!
გაორებენ და ბატონობენ!

დღეს მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ საქართველოში ე.წ. "ვარდების რევოლუცია" თურმე "ნაციონალებმა" მოაწყვეს — სიტყვა "ნაციონალი" გამიზნულად, გასაბრიყვებლად იქნა შემოტანილი — და არა ცენტრალიზებულ-უნიფიცირებული სახელმწიფოს მესვეურებმა და მათ ზურგს უკან მდგომმა ძალებმა, რომლებიც ათეული წლებია ფეხქვეშ თელავენ ქართულ კულტურას და კანონს!

სწორედ ამ ძალების დიქტატთან ბრძოლას შეეწირა "მრეტების", ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი თანამებრძოლების ცხოვრების საუკეთესო წლები! გასულ წელს ღია წერილითაც კი მივმართე საქართველოს პარლამენტს — გამოქვეყნდა გაზეთ "ოლიმპში" — მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა! ყოველივე ამის შესახებ მალე მთელი მსოფლიო შეიტყობს!

დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას: ე.წ. "ვარდების რევოლუციით" საქართველოში დაიწყო უნიფიკაციის, გაერთფეროვნების ახალი ტალღა!
და იგი მიმართულია ქართული კულტურის წინააღმდეგ!
ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ!
ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ!
საერთოდ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, კულტუროსან სახელმწიფოთა წინააღმდეგ!

მაგრამ მჯერა, მთელი მსოფლიო ხმას აიმაღლებს არსებული რეალობისა და მოსალოდნელი საფრთხის, უნიფიკაციის წინააღმდეგ!
რადგან ეს არის ხალხთა სახექმნადი გარემოსთვის, პიროვნებათა ცოცხალი ურთიერთობისთვის ბრძოლა!
ცოცხლით იდუმალში ჩაწვდომისთვის ბრძოლა!
და, მკვდრის გაცოცხლებით მოგვრილი სიხარულისთვის ბრძოლა!

მჯერა, სამხმოვანი სახელმწიფოს იდეა — პლატონი, რუსთველი, შტაინერი — გაზიარებული იქნება და თავის ნიშანს აჩვენებს:
- ინგლისი და აშშ, სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის არწივის მართვე!
- დოიჩლანდი, სამპარლამენტოვანი სახელმწიფოს სულიერი ავანგარდი!
- რუსეთი, კულტურათა მრავალფეროვნების ლომის ბოკვერი!
- აღმოსავლეთი, კულტურათა უშრეტი წყაროცხოველი!

პირველყოვლისა კი, შენ უნდა მიიღო ჭეშმარიტება, პიროფლიანო მამულიშვილო!
და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ!
და აანთებს შენს გულში სიყვარულს!
შენ ხარ მიჯნური, მეგობარი და ხელოვანი, მრავალჟამიერ!

მჯერა, მოახლოებული შობისა და ახალი წლის წინა დღეებში განსაკუთრებული გულისძგერით აჟღერდება რუსთველისეული სტრიქონი:
"დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი"
რათა არასდროს დაიშრიტოს ქართული წყარო მშვიდობიანი მრავალფეროვნებისა!
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#2 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 16 May 2013 - 09:10 AM

Русский перевод
English translation
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users