Shenentho: ვეფხისტყაოსნის აკროსტიხი გახსნილია - Shenentho

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ვეფხისტყაოსნის აკროსტიხი გახსნილია

#1 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 03 July 2016 - 11:33 AM

ვეფხისტყაოსნის აკროსტიხი გახსნილია

ვუძღვნი ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე მარს


იდუმალქმნილი

იდუმალქმნადობა ხელოვნებაა.
ხელოვანია იდუმალმქნელი ადამიანი.
ხელოვანია ღმერთი.

არის იდუმალქმნადობის დრო.
არის მისი დახსნის დრო.

იდუმალქმნილის ნებისემიერ დახსნას თავისი ისტორია აქვს.
ისინი მუდამ საინტერესოა და მიმზიდველი.
მეტიც, მათი დახსნის გზა თავად არის ხელოვნება.

თავის დროზე ტროას მაძიებლებს გამოეყო ერთი ბავშვი.
მას ეჭვშეუტანლად სჯეროდა, რომ ჰომეროსმა რეალურად აღწერა ტროა.
და რომ იგი აუცილებლად იპვიდა ტროას.
მაგრამ დიდებს არ სჯეროდათ მისი.
ბავშვი გაიზარდა.
მიზანმიმართულად დააგროვა ფული.
ხელთ აიღო ჰომეროსის «ილიადა».
სიტყვა-სიტყვით მიჰყვა მას.
აღწერილი ადგილი შესაბამისად მიზომ-მოზომა.
წერაქვი დაჰკრა და…
ხელმეორედ იშვა ტროა!
ქართველთა პრეისტორიის ერთ-ერთი ფრაგმენტი.

ასევეა აკროსტიხიც.
ნებისმიერი აკროსტიხის გახსნას თავისი ისტორია აქვს.
მათ გარეშე აკროსტიხის კულტურა ვერც იარსებებდა.
აკროსტიხის შემქმნელი თავად შობს აკროსტიხის გამხსნელს.
მით უფრო, რთული აკროსტიხის შემოქმედი.
და მისი დახსნის გზაც იდუმალქმნადობაა.

როგორია ვეფხისტყაოსნის აკროსტიხის გახსნის ისტორია?
მას ხომ საუკუნეზე მეტია ეძებს რუსთველოლოგია.
მით უფრო, რომ არც ვეფხისტყაოსნის სიტყვა-სიტყვით წამკითხველი აკლდა მაძიებელთა ლაშქარს.
მათ შორის უპირველესი — დიდი ნიკო მარი!
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#2 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 04:19 PM

სიყვარულის ჰანგები

ყველას თავისი დაბადების ადგილი ემშვენიერება.
არც ჩემი სოფელი იყო გამონაკლისი.
გურია-იმერეთ-სამეგრელოს საზღვარი.
ცივილიზაციის არანაირი ნიშანი.
მაღალ ბოძებზე შემდგარი ბუხრიანი ოდა.
რიონის გადასახედი.
კოლხეთის ველი.
კავკასიონი.
ზანდოს მთა და გამოჩინებული.
ტოლების მთები.
სოფელი ორ ღელეს შორის.
ყოჩივარდებით, იებით.
გვიმრებში მიმობნეული მარწყვის იაგუნდით და ლალებით.
წყაროიანი, ხეხილიან-ვენახიანი.
მამაჩემის კრიმანჭულიანი.
ვარსკვლავ-ციცინათელები.
სავსე მთვარის ჯარიანობები.
ქალწულთა ფანდური.
სიყვარულის ჰანგები.
სიჩუმის კოსმიური სიმფონია.
ნათელში ვცურავდი...
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#3 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 04:28 PM

ზღვა

13 წლიდან ზღვა…
ბევრჯერ ჩამახედა სიკვდილს თვალებში.
არ გამწირა.
16 წლის ასაკში გამომშვიდობება...

«დამეხსენ გზაო,
გაივლის წლები და
ჭაღარა დაგიბრუნდები,
წმიდაო ზღვაო,
შენს ზვირთებში ჩავიძირები
გრძნობამორევით…».


2009 წელს სიტყვა-სიტვით ამიხდა.
შეხვედრა იყო სიხარულსრული!
ავთანდილის სიმღერის ბადალი...
ჩემი თანმხლები შოროგნით ჭვრეტდა ამ საოცრებას...



PS 1976 წელს, როდესაც ჩემს ჩანაწერებს გაეცნობა, დიოტინა ნეკრესელი იტყვის: "წარმოუდგენელია, ყმაწვილკაცს ასე ცხადად დაენახოს თავისი მომავალი!"
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#4 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 04:40 PM

სტუმარ-მასპინძლობის მისტერია

წამოვედი და წამოვედი და წამოვედი...

თბილისი, ვერა...

ვერ მივიღე.
ვერც მან მიმიღო.
სულ გაქცევას ვფიქრობდი...

«აქ როგორ გავჩნდი ქუჩის ხახაში» (ნ)

მრავალფერი ურთიერთობები...
ძმაკაცობა, ქეიფი.
ქალ-ვაჟის ტრფიალება.
მეგობრობა.
ხელოვნება.
მეცნიერება.
დაცალკევებული...
ერთმანეთს არც იცნობდნენ.

პოეზია.
ამბოხი სული.
შემეცნების დაუოკებელი წყურვილი.
პიროვნების კოსმიური მარტოობა...

სხვათა ცოდვათა უხმოდ ტვირთვა.
ორმოში ჩაგდება და ამოსვლა.
ჩაგდება და ამოსვლა.
დაუსრულებლად...

- უნდა მოგნათლო! — ეს თანაკურსელი გოგონაა, ერთ-ერთი მომავალი ნათლია.
- თავად მომენათლოს!


და ესეც დაუსრულებლად...

20 წლის ასაკში დაშრეტილი პოეზია.
29 წლამდე დარაჯად გათენებული ყოველი ღამე.
სრულად ამოწურული საციცოცხლო ძალები...

«ახლა როცა უნაყოფოდ გადავიღალე,
როცა ასე ტალღის მორჩილი ნაფოტი ვარ,
შემოდგომის გაცრეცილი ფოთოლი ვარ
წყლის ზედაპირზე,
გთხოვ, სულ ცოტა ხნით მოხვიდე ჩემთან
და დამაჯერო,
რომ ღმერთი ხარ,
განსჯა ხარ და სიყვარული ხარ ხელშესახები!
იცი, რარიგად მოგენდობი?!
ცრემლის სუნთქვა სიმშვიდეში ჩაიღვენთება...
ახლა როცა დილაადრიან გადავიღალე,
გთხოვ, სულ ცოტა ხნით,
თორემ ვიცი,
ხვალ ისევ ისე, ხვალ ისევ ისე…»


დაბადებიდან 28 წელი და 360 დღე მიილია.
ნათლისღების დღესასწაულის მეორე დღეა.
1975 წლის 20 იანვარი.
შუაღამე.
თავად მომენათლა...

ოცნება ავისრულე და თბილისი დავტოვე.
შუა წყნეთში გადავედი.

თანამედროვე ადამიანის ნათლისღების შემდგომი გზა განსხვავებულია.
იგი ხელმეორედ გადის პოსტატლანტიკური კულტურის ყველა პერიოდს...
ბერძნულ და ეგვპიტურ პერიოდებს ყმაწვიკაცობაში ვეზიარე.
წყნეთში სწრაფად გავიარე ჯერ ძველინდური, შემდეგ ძველსპარსული პერიოდი.
გზად საქართველოში დავყოვნდი…
ამ პერიოდში გავიცანი პატრიარქი ილია მეორე.
შემდეგ შტაინერთან დამეგობრება…
საერთოდ, დოიჩე კულტურას ყმაწვილკაცობაში ვეზიარე.
აქედან მოყოლებული მრავალი ინიციატივა მქონდა...
2000 წლიდან მყარად დავფუძნდი შენენთოსეულ ქართულ კულტურაში.
და რუსულ კულტურაში.
დავძენ, ნათლისღების შემდეგ ჩემს სამშვინველში განუყრელნად თანახმიანობენ ქართველი და რუსი ერის სულები.

არა, რუსთველის აკროსტიხის გახსნა უფრო ადრე მოხდა.
მოლოდინის მისტერიის დასრულებამდე.
უძვირფასესი სტუმრის მოფენამდე...

ყველაფერი კი "ზაპონკებით" დაიწყო...
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#5 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 05:54 PM

ველიკო უსტიუგის «ზაპონკები»

ძმაკაცის ბაბუა სასულიერო პირი იყო.
მისი დანატოვარი ვერცხლის «ზაპონკები».
ვაზის ფოთლის ფორმისა.
მოლურჯო-გიშრისფრად მოხატული.

ოქრომჭედლობა ჩემგან შორს იყო.
მაგრამ ამ «ზაპონკებს» რაღაც მაგიური ძალა აღმოაჩნდა.
სულ თან ვატარები, ჯიბით.
ვერავინ მითხრა რით იყო მოხატული.
ერთხელ, მთვრალს, ქუჩაში, ცალი დამივარდა და...
მეზობელი სუფრის ბიჭებმა ასანთის შუქზე იპოვეს.
მთელი საათი ეძებდნენ...

იმ დროს უკვე თეატრალურში ვსწავლობდი...
ამიტომ ჩემს ყოფილ ინსტიტუტში მივედი, ქიმიის კათედრაზე.
მშვენიერმა ახალგაზრდა ქალმა მიმიღო ლაბორატორიაში.
«ზაპონკები» ვაჩვენე.

- თუ იცით, ეს რით არის მოხატული?
- არა...
- რამე წიგნი თუ მაინც გაქვთ, სადაც ნივთიერებების თვისებები იქნება მოცემული.
- მაქვს, მაგრამ ასე რა უნდა გავიგოთ?!
- შეგვიძლია ელექტრო გამტარობაზე შევამოწმოთ?
- ეს რას მოგცემს?
- 5 თვისება გვეცოდინება: არაორგანული, წყალში უხსნადი, ფერი, დნობის ტემპერატურა ვერცხლისაზე დაბალი, ელგამტარობა.


მისი ოცღიმილიანი სახე ახლაც თვალწინ მიდგას...
ჩავუჯექით სქელტანიან წიგნს.
რამდენიმე საათში, ასე თუ ისე, ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე.

- საჯარო ბიბლიოთეკაში წავალ და იქ გავაგრძელებ.
- სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანი დაკარგა ქიმიამ.


საჯაროში ჩავსახლდი.
სევადა აღმოჩნდა.
რამდენიმე დღეში სევადის ყველა ტექნოლოგია ვიცოდი.
ყველაზე მეტად ველიკო უსტიუგისა მომწონდა.
მოლურჯო ელფერი დაჰკრავს.
«ზაპონკებიც» იქაური აღმოჩნდა.
ცოტა ხანში თავად მოვხარშე მოლურჯო სევადა.
და მუზეუმებს მივადექი…
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#6 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 06:07 PM

ძველქართული ტიხროვანი მინანქარი

ჯანაშიას მუზეუმის საგანძური...

- ეს ცვარაა. ვერცხლის წყალში აწებდნენ და ისე ამაგრებდნენ. — ეუბნება კონსულტანტი ტურისტებს.
- და აორთქლებდნენ… ფრთხილად… კლავს! — ვამბობ ჩემთვის.
- რა ბრძანეთ?
- არაფერი...


ხელოვნების მუზეუმის საგანძური...

- ეს ფეოდალური ხანის ტიხრული მინანქარია. ტექნოლოგია დაკარგულია. ტიხრების ცივი მირჩილვის ტექნიკაც. — ეუბნება კონსულტანტი ტურისტებს.
- არ არის დაკარგული. — ვამბობ ჩემთვის.
- რა თქვით?
- ცივი რჩილვა არ არის დაკარგული.
- თქვენ რა იცით?
- მხოლოდ ტიხრულ მინანაქარში გამოყენების ტრადიცია დაიკარგა… იმიტომ რომ ტიხრული მინანაქარი დაიკარგა...
- თქვენ რა იცით...


განყოფილების გამგე, გურამ აბრამიშვილი გამაცნეს.
დიდებული ქართველი!
იმ დღიდან მის საგანძურში და საჯარო ბიბლიოთეკაში დავსახლდი რამდენიმე წლით…
სილიკატური ქიმიის კულსებში გავშინაურდი.
მინანქარს ვინიიტმე-ს ღუმელებში ვხარშავდი, სადაც ჩემი ყოფილი კურსელები მუშაობდნენ.
ორი მონოგრაფია გავაკეთე ფეოდალური ხანის ტიხროვან მინანქარზე.
ერთი ტექნოლოგიური, მეორე ხელოვნებათმცოდნეობითი.
გურამ აბრამიშვილი სიხარულით არ იყო.

რეჟისორი გელა კანდელაკი დაგვიკავშირდა.
აღფრთოვანებულია, როგორც იქნა, გმირი ვიპოვეო...

სასწრაფოდ გაკეთდა სცენარი.
ფილმში უნდა აღდგენილიყო დაკარგული ტექნოლოგია.
მისტერიული სიზუსტით.
არანაირი თანამედროვე მასალები...
სცენარი მოსკოვში გაიგზავნა დასამტკიცებლად.
ამ პროცედურას წლები სჭირდებოდა.
ცხადია, ნაცნობობაც...

ამასობაში, ჩემს ცხოვრებაში 1975 წლის 20 იანვარი დადგა.
ნათლისღების დღესასწაულის მეორე დღე.
მოლოდინის მისტერიის დასასრული.
უძვირფასესი სტუმრის მოფენა...

ერთ დღესაც გელა კანდელაკი მიხმობს, ტელევიზიის შენობაში.
დამცეცხლა…
ერმილე მაღრაძე გავიყოლე.
სვანურ ქუდში ვარ, წვერებით.
ძლივს მიცნო…
არც გელა იყო მარტო.

- გილოცავ, სცენარი დაამტკიცეს! გაიცანი, ეს ფილმის მეორე რეჟისორი იქნება.
- სამწუხაროა… გაიცანი, ეს მხატვარი ერმილე მაღრაძეა.
- სამწუხარო?!
- ვწუხვარ, მაგრამ მე ვეღარ შევძლებ… სხვაგან ვარ, ძალიან სხვაგან.
- რას ამბობ?!
- დიდი დრო გავიდა.
- პირიქით.
- სამწუხაროდ არ გამოვა… ეს ახირება არ არის… მონოგრაფიებიც დავწვი, ლექსებიც, ყველაფერი... წარსულთან ხიდები აღარ არსებობს... ეს იგივეა, ახლა მიშა მესხს რომ სთხოვო, ფეხბურთი ითამაშეო... აგერ, შემცვლელს გთავაზობ...
- უკაცრავად, მაგრამ შემცვლელზე აგერ მეორე რეჟისორმა გადაიღოს, თუ ისურვებს. პინკ-პონკს არ გეთამაშები. მე გმირი მყავდა...
- ამ ქვეყნის საშველი არ იქნება...


ცხადია, ორივე განვიცდით და რაკურსის შეცვლას ვცდილობ.
გელას რეაქციას ნამდვილად არ ველოდი.

- არ გეთანხმები! შენ რას კარგავ? სახელი და ფული გექნება! მე რას ვკარგავ? სახელი და ფული მექნება! და მაინც, ორივე უარს ვამბობთ! ასეთ ქვეყანას ნამდვილად ეშველება!

ცხადია, ფილმის გადაღება ჩაიშალა.
ეს შეხვედრა კი დღემდე ანთია ჩემს გულში…



PS ერმილე მაღრაძემ ესტაფეტა გააგრძელა. თუმცა, ჩემი მომნუსხველი ტიხროვანი მინანქრის მისტერიულობა ძველ ქართველ ოსტატებს გაჰყვა...
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#7 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 06:22 PM

ვეფხისტყაოსნის მე-19 და 34-ე სტროფები

დიახ, რუსთველის აკროსტიხის გახსნა უფრო ადრე მოხდა.
როდესაც ტიხროვანი მინანქრის მონოგრაფიებზე ვმუშაობდი.
და ვეფხისტყაოსნის ტექსტს ჩავკირკიტებდი.
მაშინ ხომ კომპიუტერი არ იყო...

ერთ მშვენიერ დღეს რატომღაც პროლოგის მე-19 სტროფმა შემაჩერა.

«ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია».


გაოგნებული ვკითხულობ...
საიდან სადაო, რა გადასვლაა?!
ამოვარდნილია...
ტანში ჟრუანტელი მივლის.
აქ აშკარად აკროსტიხია!

პროლოგის ტექსტს მივყები.
გავედი ბოლოში.
არაფერია.
თავიდან ვიწყებ…

მე-3 სტროფი:

«ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა».


მე-4 სტროფი:

«თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული».


მე-5 სტროფი:

«მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა».


მე-6 სტროფი:

«აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება».


მე-8 სტროფი:

«მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:
ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი».


მე-9 სტროფი:

«ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები».

მე-10 სტროფი:

«თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა».


და კვლავ მე-19 სტროფთან ვარ:

«ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია».


კვლავ მივყვები პროლოგს.
კვლავ გავდივარ ბოლოში.
აკროსტიხის არანაირი ნიშანი...

ვიწყებ პირველ თავს:

«ამბავი როსტევან არაბთა მეფისა».

33-ე სტროფი:

«სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული».


34-ე სტროფი:

«მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია».


ვაგრძელებ კითხვას.
არაფერია.
ვბრუნდები...

«მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!

თვალებში ვუმზერ რუსთველს!
ტექსტუალურად ვეკითხები!
ტექსტუალურად მპასუხობს!
ლალ-იაგუნდად კრთის აკროსტიხი...
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#8 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 06:37 PM

რუსათაველის კაბინეტი

უნივერსიტეტში გავრბივარ.
კონსულტაციას ვითხოვ.
რუსთაველის კაბინეტში გადამამისამართეს.

- აქ დაელოდე.

ვზივარ და ველოდები...
და ველოდები...

შემოდის პროფესორი ტრიფონ რუხაძე.
წარმადგინეს.

- ვეფხისტყაოსნის მე-19 სტროფი რას ნიშნავს? რაღაც ამოვარდნილია...
- მაგ სტროფმა გადაიყვანა ჭკუიდან ყველა რუსთველოლოგი.
- როგორ...
- შენსავით.
- იპოვეს?
- რა?
- აკროსტიხი?
- რა იცი, რომ აკროსტიხია?
- იპოვეს?
- ბიბლიოთეკაში წადი, ზღვა მასალაა…
- ანუ არ უპოვიათ…
- არა... :) და იქნებ შენ გაგიგიღიმოს ბედმა, თუ არის მანდ საერთოდ აკროსტიხი.

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#9 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 06:39 PM

დიდი ნიკო მარი

საჯარო ბიბლიოთეკაში გავრბივარ.
ტიხროვანი მინანქრის გამო ყველა მიცნობს.

- როგორაა მონოგრაფიების საქმე?
- კარგად… მაგრამ ახლა ვეფხისტყაოსნის აკროსტიხის კვლევის ისტორია მაინტერესებს.


მიღიმიან.
მეხმარებიან.

მართლაც ზღვა მასალა აღმოჩნდა რუსთველოლოგიაში.
ჩავუჯექი და ჩავუჯექი.
მთელი თვე, დილიდან გვიან ღამემდე.

სწარაფი კითხვა-ორიენტაციის უნარი მქონდა და ყველაფერი წავიკითხე.
ისიც კი, რომ რუსთველი თურმე დეკადენტი ყოფილა.
ზანგის ქალი ჰყოლია ცოლად.
და იმ ქალს გაქცევია უცხოეთში... :rolleyes:

აკროსტიხი, ცხადია, არავის უპოვია!

ეთნოგრაფიულ მასალებში აღმოჩნდა ინფორმაცია ვეფხისტყაოსნის აკროსტიხზე.
ხალხის მეხსიერებამ შემოინახა ცოდნა, ვეფხისტყაოსნში აკროსტიხის არსებობის შესახებ.

ვეფხისტყაოსნის აკროსტიხის მიერ "ჭკუიდან გადაყვანილებში" უპირველესი დიდი ნიკო მარი აღმოჩნდა.
მას სიტყვა-სიტყვით სჯეროდა მე-19 და 34-ე სტროფების.
და დიდხანს ეძებდა აკროსტიხს...
სამწუხაროდ, ვერ მიაკვლია.
არადა, მასალებზე მუშაობის პროცესში მის გულშემატკივრად ვიქეცი.
ვფიქრობდი, რომ ის იყო ერთად-ერთი, ვისგანაც ამ დაფარულის დახსნა გამეხარდებოდა.

თავიდან მე-19 სტროფის ამოღება უნდოდა, აკროსტიხის გარეშე უაზრობააო.
შემდეგ სხვა მიმართულებით წავიდა:

«ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია» —არასწორიაო, რადგან რუსთაველის სხვა ნაწარმოებს ჩვენ არ ვიცნობთო.
«ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინ ცამ იქია» — უნდა იყოსო, ანუ გარდაცვლილ თამარს აქებსო.

და კიდევ:

«მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია» — არასწორიაო.
«მისი სახელი შეფრფინვით ქვემორე მითქვამს, მიქია» — უნდა იყოსო.

რაც შეეხება 34-ე სტროფს:

«მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!» — ამოსაღებია, აკროსტიხის გარეშე უაზრობააო.

დიახ, მას სიტყვა-სიტყვით სჯეროდა რუსთველის!
და მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა...

აკროსტიხის მაძიებელ დანარჩენ ავტორებს ახალი არაფერი უთქვამთ.

რუსთველოლოგთა უმეტესობას კი აკროსტიხის ხსენებაზე ეღიმებოდა.
თუმცა, ნიკო მარის საპასუხოდ ვერაფერს ამბობდნენ.

ერთი რამ ყველასთვის ცხადი იყო: თუ ავტორისეული აკროსტიხი დაადასტურებდა, რომ თინათინის პროტოტიპი თამარი იყო, ამ შემთხვევაში რუსთველოლოგია სრულიად სხვა ხარისხში ავიდოდა და უმთავრეს საკითხებთან მიმართებაში მკვლევარებს ცალსახად გაათავისუფლებდა მტკიცების ტვირთისაგან. და ეს მხოლოდ რუსთველოლოგიას არ შეეხებოდა...

დიახ, რუსთველმა აკროსტიხზე ორივე მინიშნება ზუსტად დღევანდელი ქართველის ოცნების საფერად გააკეთა.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#10 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 07:29 PM

შეთანხმება მწერალ ჯემალ ქარჩხაძესთან

ჯემალთან ხანგრძლივი ახლო ურთიერთობა მქონდა.
თუმცა, მისი თავგადაკლული მკითხველი არ ვყოფილვარ.
ჩვენს ურთიერთობას სრულიად სხვა საფუძვლები ჰქონდა.
80-იანი წლებიდან იშვიათად ვხვდებოდით.
ჩემი გერმანიაში ყოფნის პერიოდში გარდაიცვალა.

პირველი ვისაც გავაცანი აკროსტიხის ამბავი, სწორედ ჯემალი იყო.
ეს მოხდა რუსთველოლოგიური ლიტერატურის დამუშავების შემდეგ.

ყოველგვარი ემოციის გარეშე მოისმინა.
მხოლოდ ერთხელ მთხოვა დაზუსტება.
ბოლოს მკითხა:

- რით შემიძლია დაგეხმარო?
- არც არაფრით.. ჯერ არ გადამიწყვეტია გამოქვეყნება.
- მიზეზი?
- გული არ მომყვება… არც ნიშანი მაქვს...
- კარგი. თუ გამოქვეყნებას გადაწყვეტ, აქ ვარ.
- თუ გადავწყვეტ, პირველ ყოვლისა შენ გეტყვი! მანამდე კი ჩვენ შორის დარჩეს.
- ჩანაწერი?
- არ გამიკეთებია, და არც ვაპირებ... ერთი სიტყვით, ნიშანს დაველოდები!


აკროსტიხი დაბადებით იყო ბედს მინდობილი.
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#11 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 07:41 PM

ნიშანი, რომელსაც ოთხ ათეულ წელზე მეტი ველოდი

2016 წლის 2-3 ივლისის მიჯნაზე, მივიღე ეს ნიშანი, თბილისის ფორუმზე annavita-ს მიერ გახსნილ თემაში — "შენენთოსეული ქართული სახელმწიფო".

მკითხველს ვურჩევ გაეცნოს ამ ულამაზეს, თითქმის მისტერიული განცდით ნიშანდებულ დიალოგს ანავიტასთან, რომელიც, ადრე თუ გვიან, ყველა ქართველის სულში აჟღერდება.
დიალოგის დასაწყისი: https://forum.ge/?sh...post&p=48252377
დიალოგის დასასრული: https://forum.ge/?sh...post&p=48256545
თანმიმდევრულად 9 პოსტია.

დიახ, ოთხ ათეულ წელზე მეტი ველოდი ნიშანს, რათა დღის შუქზე გამომეტანა ვეფხისტყაოსნის აკროსტიხი.
აკროსტიხი, რომლის გახსნას საუკუნეზე მეტია ცდილობს რუსთველოლოგია.
აკროსტიხი, რომლის დახსნას რვა საუკუნეზე მეტი ელოდა პოეტი.

ნიშანი კი მივიღე, მაგრამ პატიოსანი თვალის ბუდეში ჩასმას დრო დასჭირდა.
3 ივლისს, პირდაპირ აქ, დაფარულ ფორმატში დავიწყე წერა და 8 ივლისს დავასრულე.
მაგრამ ახლა უკვე გამოქვეყნების დღის ნიშნის მოლოდინი გაჩნდა.

და აი, ეს დღეც დადგა...
დღეს, 2016 წლის 5 ნოემბერს, თემა გადამყავს ხილულ ფორმატში – Set Visible (Approve Topic).
ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

#12 User is offline   Shenentho 

  • Vazha Chkhaidze
  • Group: Hosts
  • Posts: 850
  • Joined: 23-August 06
  • Gender:Male

Posted 08 July 2016 - 07:51 PM

ვეფხისტყაოსნის აკროსტიხი

შევაჯამოთ წინამდებარე პუბლიკაციის მეშვიდე თავი: "ვეფხისტყაოსნის მე-19 და 34-ე სტროფები" და მეცხრე თავი: "დიდი ნიკო მარი".

ვეფხისტყაოსნის პროლოგი:

მე-19 სტროფი:

«ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია».


ვეფხისტყაოსნის პირველი თავი - «ამბავი როსტევან არაბთა მეფისა»:

33-ე სტროფი:

«სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული».


34-ე სტროფი:

«მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია».



რუსთველთან მხოლოდ ორი ტექსტუალური კითხვა და ერთი ტექსტუალური პასუხია.
პასუხში ნებისმიერი სიტყვის გადაადგილება, ავტორისეული ტექსტიდან გასვლის გარეშე, შეუძლებელია.


თვალებში ვუმზერ რუსთველს!
ტექსტუალურად ვეკითხები!
ტექსტუალურად მპასუხობს!
ლალ-იაგუნდად კრთის აკროსტიხი...

ვინ არის ის, «ვისი სახელი შეფარვით ქვემორე გითქვამს, გიქია» და «ვისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!»?
ოსტევან რაბთა ეფის სული - ინათინ!



შენ ხარ მიჯნური,
მეგობარი და შემოქმედი,
მრავალჟამიერ!

ქმენ, რაცა შენი ფერია! (რ)
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users